“ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?” – დავით ჭიჭინაძე ეკონომიკურ მდგომარეობაზე  

„როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზეც. შესყიდვები არ ხდება – ე.ი.ფული არ იხარჯება; ფული არ იხარჯება – ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატის განცხადებით, ასეთ ვითარებაში, ტენდერების ჩატარების შესაძლებლობაც ნაკლებია.


„დღეს, სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს.
რადგანაც, ნებისმიერ ტენდერში, უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.
ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავის  ბუღალტერიას ხატავენ: ანუ, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდას გვაჩვენებს. მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება. და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტდება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში?! ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე შეფასებით,  ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო. რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული.

„საქმე კი ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელთაც ნაკვეთები ჰქონდათ შესყიდული, მათ სტატუსები შეუცვალეს და ამით რეალურად ეს ხალხი დააზარალეს. ანუ, გენ.გეგმა კი არაა პრობლემა, არამედ არა პატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ მოიწყოს და მიითვისოს, მერია კი, ამის საშუალებას იძლევა. მოკლედ, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება,“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები