ხვალ სამაშველო ოპერაციის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტება

ხვალ, 29 ივლისს, დილის 06:00 საათიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტება. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად.

„მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის 06:00 საათიდან აქტიურად განახლდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები