ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ადვოკატის განმარტებით, განჩინება სრულად გასაჩივრდა.

„სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ რვა საათი დაგვრჩა, მითუმეტეს 18:00 საათზე კანცელარია იკეტება სასამართლოში. თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არ არის დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული. ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, არგუმენტაცია არ არსებობს განჩინებაში, თუ რატომ უნდა შეფარდებულიყო. ზოგადი ფრაზები წერია განჩინებაში, რომ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლას, ამაზე საერთოდ არ აქვს მსჯელობა“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ნაწილობრივ დაეკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათასლარიან გირაოსთან ერთად, გამოძიების გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდათ.

ბრალდებულების ადვოკატი ამ გადაწყვეტილების ორივე ნაწილს ასაჩივრებს.

მსგავსი თემები