ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოცხადდა. ოქრუაშვილს, სასამართლოდან  გლდანის ციხეში გადაიყვანენ.  

ოქრუაშვილთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი.

გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა, თორნიკე დათაშვილის ადვოკატი მისი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ოქრუაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

დაკავებულები, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

სამივე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი თემები