“კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ წაგვართვეს არხი” – თედო ისაკაძე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საკრებულოს წევრი, თედო ისაკაძე აცხადებს, რომ 25 წლის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელებმა, კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას დაუდეს საფუძველი.

როგორც ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, “რუსთავი 2”-ის, როგორც “ანტიმედიის ფლაგმანის” ჩამოყალიბებაში წვლილი ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს მიუძღვით.

“ბევრჯერ ვთქვი, ახლაც ვამბობ და გავიმეორებ:

რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ “ტროიკას” მიუძღვის “ღვაწლი” – კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე. “ტვინების გამორეცხვის”, სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ “დამფუძნებელი მამების” დამსახურებაა. მეტიც, სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას ამ ვაჟბატონებმა დაუდეს საფუძველი. პიონერები იყვნენ”, – წერს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

დეპუტატის თქმით, კიწმარიშვილმა, დვალმა და აქიმიძემ მას არხი წაართვეს. ყოველივე ამის შემდეგ კი, ისაკაძის თქმით, რამე სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია.

“აქ არ ვაპირებ 25 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლას. ყურადღებას მხოლოდ მორალურ ნაწილზე გავამახვილებ:

ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი, სადაც ქ.რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით. ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე! ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან”, – წერს თედო ისაკაძე “ფეისბუქზე”.

მსგავსი თემები