ქართულ ტელესივრცეში მაუწყებლობას “ევრონიუსი” იწყებს

„ევრონიუსი“ მაუწყებლობას ქართულ ტელესივრცეში იწყებს. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომლის  მაუწყებლობის 20% საქართველოს ამბებს დაეთმობა.

მედიაპლატფორმის დაფუძნების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს, საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია “სილქნეტს” შორის მოეწერა. მხარეების თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი,რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

„ეს არის მედია, ეს არის საინფორმაციო ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის. სარედაქციო პოლიტიკა ეკუთვნის “NBC NEWS“-ს, ეს არის უდიდესი ამერიკული კომპანია და ასევე ნული პროცენტი გავლენა გვექნება ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე,“ –  განაცხადა კომპანია “სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„ევრონისუსის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, „ევრონიუს საქართველოს” მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თავისუფალი ინფორმაციის მიწოდებაა. მაიკლ პიტერსის თქმით, ეს იქნება მედიასაშუალება, რომელიც ფაქტებს არა რომელიმე ერთი, არამედ ყველა მხრივ გააშუქებს.

„ჩვენ არ შევდივართ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგით. ვთვლით, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა იქნება უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესი. აქ გაერთიანებული იქნება სხვადასხვა ღირებულება და ინტერესი, „ევრონიუსის“ მთავარი ხედვა არის ის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ხალხს, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი აზრი. სამწუხაროდ, ხშირად მედიასაშუალებები საზოგადოებას აწვდიან ფაქტების კონკრეტულ მხარეს და არ ცდილობენ, აჩვენონ ყველა მხარე, ამიტომ ჩვენი მიზანიც ესაა, საზოგადოებამდე მივიტანოთ თავისუფალი ინფორმაცია,“ – განაცხადა მაიკლ პიტერსმა.

მსგავსი თემები