ლარი გაუფასურებას განაგრძობს – სპეციალისტების შეფასებები

ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი, დოლართან მიმართებით, 2 ლარი და 90 თეთრია, თუმცა ის კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 6 თეთრით მეტია.

ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნაზე გავლენა “თიბისი ბანკზე” შეტევამაც განაპირობა.

გარდა ამისა, ეკონომისტის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, ლარს, შესაძლოა, გარედან ფულის შემოდინებამ უშველოს, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს გამორიცხულია.

„იანვრის ბოლოდან თუ დავაკვირდებით, თებერვლის დასაწყისში ლარის გაუფასურებამ დრამატული ხასიათი მიიღო. შემდეგ არის უკვე კასკადი იმ სხვადასხვა კრიზისებისა, რომლებიც შეიქმნა. მოლოდინების შემქმნელების სიტყვა, ჩემდა სამწუხაროდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე თავად ეროვნული ვალუტა. მანამდე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იყო ცუდი, მაგრამ შესაბამისი პოზიტიური მოლოდინი ვერავინ შექმნა. კიდევ არის ბიზნესმენების განწყობები. ლარს უნდა უშველოს გარედან ფულის მეტმა შემოდინებამ. რასთანაც საქმე ფიზიკურად ვერ გვექნება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე,“ – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამოც არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია და ვერ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, კვლავ გაძვირდეს პროდუქტი, წამლები და საწვავი.

„ბუნებრივია, არამარტო ხაზარაძის ფაქტორი, არამედ ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, იქნება ეს თქვენი თუ სხვა უამრავი, საერთო ჯამში ქმნის ნიჰილიზმის ფონს. ბუნებრივია, როდესაც ლარი უფასურდება, ჩათვალეთ, რომ 70%, შეიძლება ცოტა ნაკლები, საქონლისა და მომსახურების, არის გაძვირების რისკის ქვეშ, რადგან იმპორტირებულია. უშუალოდ დიდი დარტყმას ამ დროს იღებს ნავთობპროდუქტები და მედიკამენტები,“ – განაცხადა ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ.

მსგავსი თემები