მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, პროკურატურა დატოვეს

ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არის მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პირადი დევნა. მისივე თქმით, პროექტები, რომელშიც ისინი არიან ჩართული, არ შეფერხდება.

„დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკასა და ჩემს მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ, ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.

მსგავსი თემები