“ტარიფის გაორმაგებაზე საუბარი არასდროს ყოფილა” – თბილისის მერის მოადგილე

“ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის, იმავეს გადაიხდის“, – ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.

მაია ბითაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფებზე, რისი საშუალებითაც, ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან.

„ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ახლა იწყება მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან. გადახდა იქნება ელექტრონულად. ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის, იმავეს გადაიხდის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე განმარტავს, რომ მოქალაქეები მგზავრობის საფასურს ერთჯერადად გადაიხდიან, რომელიც საათ-ნახევრის განმავლობაში იმოქმედებს. 

„ტრანსპორტის ახალი სისტემის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება, როგორც მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო ტრანსპორტი და მთლიანად გამოცვლილი ავტოპარკი, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. ფასთან დაკავშირებით არ თქმულა, რომ ფასი გაორმაგდება. პირიქით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა სუბსიდირება, რაც მოქმედებს, შენარჩუნდება. მეტიც, მგზავრებს ექნებათ კომფორტული გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ერთჯერადად გადაიხდიან მგზავრობის თანხას და შეეძლებათ, ამ ბილეთის მოქმედების ვადაში ისარგებლონ როგორც მეტროთი, ავტობუსით, ასევე ახალი სამარშრუტო ტაქსით. სამარშუტო ტაქსის ინტეგრირებულ ტარიფში ჩართვა არის ის სიახლე, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას. ტარიფის გაორმაგებაზე საუბარი არასდროს ყოფილა და საუბარია მხოლოდ ტარიფის ინტეგრაციაზე, რაც მგზავრების კომფორტისთვისაა გათვალისწინებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ახალი სისტემის მიზანია, სატრანსპორტო საშუალებების დუბლირება აღმოიფხვრას.

„თუ რუსთაველზე დადის ექვსი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი, ეს ასე აღარ იქნება. ძირითად დერეფანზე ივლიან დიდი გაბარიტის ავტობუსები, შემაერთებელ ქუჩებზე ივლიან მცირე ზომის ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები