ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო.

მინისტრის თქმით, გარდა ამისა, სახელმწიფო მათ სწავლას დაუფინანსებს.

„ეს შეეხება ყველა აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი, ამა თუ იმ, გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა 2019-2020 წლებში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან სულ მცირე, 60 კრედიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის”, – აცხადებს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი.

მსგავსი თემები