გიორგი გაბუნიას „ოპერაცია“ – ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ჟურნალისტის მონოლოგს განიხილავს

ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი და “კატონის” ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის, „PS” წამყვანის, გიორგი გაბუნიას გინებას პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, დაგეგმილ, გამიზნულ ოპერაციას უწოდებს.

როგორც ანდრეი ილარიონოვი „ამერიკის ხმა“- სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი გაბუნიას მონოლოგი არ იყო ემოციურ ფონზე ნათქვამი სიტყვები. მისი თქმით, ის კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რაზეც ჟურნალისტის არასწორი საუბრის მანერა მეტყველებს.

„გიორგი გაბუნიაზე წარსულში არაფერი მსმენია. გაბუნიას შემთხვევაში, არაფერი იყო შემთხვევითი. ის ძალიან კარგად იყო მომზადებული. აქ არ ვსაუბრობ უბრალოდ გინებაზე. ეს არ არის ბუნებრივი ქცევა, იქნება ეს ყოველდღიური საუბრები თუ მედიასივრცე. განსაკუთრებით, როცა ასე ჟურნალისტი საუბრობს და მითუმეტეს სხვა ქვეყნის პრეზიდენტზე. ეს ადამიანი კითხულობდა თავის მონოლოგს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ემოციური აფეთქება. მას კარგად ჰქონდა გააზრებული რას აკეთებდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ისე კარგად კითხულობდა. ეს ყველასთვის კარგად გამოჩნდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრმა ქართველმა რუსული გინება უნაკლოდ იცის. გაბუნია უნაკლო ნამდვილად არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ ლექსიკით არ საუბრობს და ამიტომაც უშვებდა შეცდომებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს მისი იდეა არ იყო. თავის იდეა რომ ყოფილიყო, ამას ისე გააკეთებდა, რომ მისთვის უფრო ბუნებრივი ყოფილიყო. ეს ძალიან კარგად, მომზადებული ოპერაცია იყო. მე არ ვიცი ვინაა ბატონი გაბუნია, როგორ მოხვდა ის “რუსთავი 2” -ში, ვისი გავლენის ქვეშ იყო, როცა ეს მონოლოგი წაიკითხა. არ ვიცი ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი მაგრამ, ფაქტია, რომ გაბუნიას საქციელს მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება მოჰყვა,” – აცხადებს ანდრეი ილარიონოვი

ანდრეი ილარიონოვი გიორგი გაბუნიას „ოპერაციის“ ეფექტურობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი, რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური გარემოს შეცვლა, ვლადიმერი პუტინისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ბოდიშის მოხდა და პუტინის შემწყნარებლად წარმოჩენა იყო.

„ახლა შევხედოთ ამ ოპერაციის შედეგებს. გაბუნია 2 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში საუბრობდა. ამას, როგორც სპეციალურ ოპერაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ რამდენად ეფექტური იყო ის. “რუსთავი 2” ამის გამო ჯერ ისევ თავდასხმის ქვეშაა. კომპანიას რამდენიმე საათით მაუწყებლობის შეწყვეტაც კი მოუწია. ამ ორ წუთში, ბევრს გაუჩნდა იდეა, რომ “რუსთავი 2” გაენეიტრალებინა. იყო საუბარი იმაზეც, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის ლიცენზიაც ჩამოერთვათ. ამასთან, საქართველოს ყველა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პუტინს ბოდიში მოუხადა. ერთი წამი ამაზე დავფიქრდეთ. ბატონი პუტინი საქართველოს თავს დაესხა, მოკლა საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. მან დაბომბა საქართველოს მთელი ტერიტორია, მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, აცხადებს, რომ ის აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, აწარმოებს ბორდერიზაციას, ყოველდღე ამ ტერიტორიებზე ვიღაცას იტაცებენ ან კლავენ და რა ვნახეთ გაბუნიას გინების შემდეგ? საქართველოს ყველა ლიდერი, ბოდიშს უხდის ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. აი რა იყო ამ ოპერაციის ყველაზე დიდი მიზეზი. ეს საოცარი შედეგია. ვფიქრობ, ეს ოპერაცია საინფორმაციო ომის სასწავლო სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს, თუ როგორ შეიძლება 2 წუთმა პოლიტიკური გარემო შეცვალოს.

ამ ინციდენტს რუსეთის მხრიდან კარგად ორკესტირებული რეაგირება მოჰყვა. გამოვიდნენ რუსი დეპუტატები, ზოგმა სანქციები მოითხოვა, ზოგმა სხვა მკაცრი ზომები. ვლადიმერ პუტინი ბოლოს გამოვიდა და თქვა, რომ ეს არ არის სერიოზული და რომ, ის ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს. ის გამოჩნდა როგორც ნამდვილი ევროპელი, შემწყნარებელი, სულგრძელი ლიდერი. ამით მან ზედაპირულად მაინც შეცვალა დისკუსია რუსეთზე. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა საქართველოზე ყურადღება არ გაემახვილებინა და ახლა უცებ რას ვხედავთ, რომ ბატონი პუტინი პირადად აკეთებს საქმეში ინტერვენციას და თან რაზე, გაბუნიას საქმეზე. ეს ყველაფერი გამოიყურება როგორც რუსეთ საქართველოს ხანგრძლივი ომის ერთ-ერთი თავი. ამ ომს ბევრი ელემენტი აქვს. ახლა ვხედავთ საინფორმაციო ომის მეთოდებს,“ – აცხადებს ანდრეი ილარიონოვი.

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები