“არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ დაგვიხურავენ” – ნოდარ მელაძე

“არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ დაგვიხურავენ,” – ამ სიტყვებით მიმართა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მაყურებელს.

“შაბათის კურიერის” მონოლოგში, მან “რუსთავი 2”-ში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას იმის გარანტიაც კი არ აქვს, რომ მომავალ შაბათს მაყურებელს იგივე ფორმატით შეხვდება.

„თავისუფლება, ყველა ადამიანის მონაპოვარია. როცა მოიპოვებ, ის უნდა დაიცვა, იმიტომ თუ დაკარგავ თავისუფლებას დაკარგავ შენს თავს. როდესაც ერთხელ შეიგრძნობ თავისუფლების ფასს შემდეგ ძალიან რთულია, რამის სანაცვლოდ ეს ყველაფერი დათმო. რუსთავი 2 ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ტელევიზია. ეს არის თავისუფლების ციხესიმაგრე, სადაც ბევრი ადამიანი ერთმანეთთან შედუღაბებულია. ჩვენთვის, “კურიერის” გუნდისთვის, ეს არის მეტი, ვიდრე სამსახური და ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის უბრალოდ თავისუფლების ტერიტორია. “რუსთავი 2” არის ხსნა ადამიანებისთვის, ვისაც ხელისუფლება უსამართლოდ ჩაგრავს, “რუსთავი 2” არის ინფორმაციის წყარო ადამიანებისთვის, ვინც არ იცის, ჩინოვნიკები როგორ იპარავენ მათ ფულს, მაშინ როდესაც ხალხი ქუჩაში შიმშილით სულს ღაფავს. უკვე საუკუნის მეოთხედია, ეს არხი წერს საქართველოს ისტორიას, უკვე საუკუნის მეოთხედია, ეს არხი არის ინფორმაციის პირველწყარო. ახალი ამბები ჩვენი პროფესიაა, ერთადერთი, რის კეთებაც ვიცით და რის კეთებაც გამოგვდის. “რუსთავი 2” არის მეხამრიდი საქართველოსთვის, რომ ხელისუფლებამ დიქტატურის უფსკრულში საბოლოოდ არ გადაჩეხოს.

“რუსთავი 2”-ის ხელისუფლებას ძალიან ეშინია, იციან რომ, როდესაც მოიპარავენ, როდესაც ვინმეს დაჩაგრავენ, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა იქნება, ჩვენ ძალიან ხმამაღლა ამ ამბავს გავაგონებთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს.

გაიხსენეთ, რამდენი ამბავი, იყო, რომელსაც უბრალოდ ვერ გაიგებდი, რომ არ ყოფილიყო “კურიერის” გუნდი. რამდენი კადრი გინახავს პირდაპირ ეთერში, როდესაც ეს გუნდი, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა, მუშაობდა, რომ შენ ეს ამბები გცოდნოდა პირველს.

აქ სამუშაოდ ექვსი წლის წინ მოვედი, და როდესაც პირველად შემოვედი ამ სტუდიაში, როდესაც პირველად გავხდი “კურიერის” წამყვანი, დავრწმუნდი რომ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე საქართველოს მოქალაქეების ხელში. ის უნდა დავიცვათ. დღეს ახალი რეალობის წინაშე ვართ, ტელევიზიას ჰყავს ახალი მფლობელი, არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარას აქ უბრალოდ დაიხურება. ახლა პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ და პირველად, არ ვიცი, როდის შევძლებ თქვენთან ისევ შეხვედრას, ეს არის უკანასკნელი შაბათის კურიერი, ერთ-ერთი ბოლო, თუ ეგ გადაცემა გაგრძელდება. 

არჩევანი გვაქვს, ან ვაკეთოთ ახალი ამბები ხელისუფლების ინტერესებით, სადაც მოგიყვებით, მაგალითად, რა მაგარია, გიგანტური ხეების გადარგვა, მაგრამ დაგიმალავთ და არ მოგიყვებით, რომ ამას მთელი რეგიონის ეკო სისტემა ეწირება, დაგიმალავთ, რომ ამ ხეების წინ და უკან თრევით ნადგურდება გარემო, დაგიმალავთ, რომ ხალხს ამის გამო სახლებს უნგრევენ, გზას უკეტავენ და დენს უთიშავენ. ჩვენ არჩევანია – ჩვენ ასეთ ახალ ამბებს არ გავაკეთებთ.

ჩვენ ყველა ვრჩებით ამ არხზე, ვრჩებით, იმიტომ რომ ეს ტელევიზია ჩვენია. ჩვენი დიდი შრომით ის საქართველოს მთავარი არხია. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ თქვენ მოგიყვეთ რეალური და არა გამოგონილი ახალ ამბები, სანამ ამას შევძლებთ, ჩვენ ისევ ვიქნებით “კურიერის” გუნდი!

ეს პროფესია 20 წლის წინ ავირჩიე და ვთქვი რომ ვიქნები ჟურნალისტი. დავუშვი ბევრი შეცდომა, ვმუშაობდი ტელევიზიებში, რომელიც იყო სახელისუფლებო, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ შეცდომების უფლება არც მე და არც ამ გუნდს აღარ აქვს. დღეს მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ბოლომდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ აქ, ამ ეთერში თქვენ ისევ ხედავდეთ საკუთარ თავს, ვიყოთ ისევ ისეთი კრიტიკულები, როგორც დღემდე, ვიყოთ ისევ ინფორმაციის პირველწყარო თქვენთვის, მოგიყვეთ რეალური და არა გამოგონილი ახალი ამბები”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მონოლოგის ბოლოს, მელაძე ნიკა გვარამიას მადლობას უხდის ბრძოლისთვის და იმ შვიდი წლისთვის, როდესაც, მისი თქმით, ამ ტელევიზიაში ისმოდა თავისუფალი სიტყვა.

მსგავსი თემები