“საქართველო ვალშია თქვენს წინაშე” – სააკაშვილი “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს

“ევროპაზე აქცენტი ზედმეტია, რადგან ევროსასამართლომ უბრალოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რა უბედურებაც ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში ჩაიდინა”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. 

მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ასევე, მან ვიდეომიმართვაში ყურადღება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზეც გაამახვილა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა „რუსთავი 2“-ის კოლექტივს. დიდი მადლობა, რომ იბრძვით, არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მთელი საქართველო, მიუხედავად შეხედულებებისა, ნამდვილად ვალშია თქვენ წინაშე. მეორე, ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად და ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად. შემდეგია ის, რომ ჩემი აზრით, აქ ევროპაზე აქცენტი საერთოდ ზედმეტია, რადგან უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ხალხს პირდება, რომ ის  ივანიშვილს მალე “მოაშორებს საქართველოს”.

„ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება საქარველოს, რომელზეც ჩაბღაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. მე გპირდებით, ეს მომენტი დადგება ძალიან, ძალიან მალე. დღე და ღამე ვმუშაობ ამაზე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ამ საქმეში ჩართული და ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. ჩვენთვის მთავარია, ახლა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი. მისი წამზომი ჩართულია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გამარჯვებას საერთოდ არ აქვს ალტერნატივა და „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, მანამდე კი ვაგრძელებთ ბრძოლას,“ – განაცხადა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.

მსგავსი თემები