“რუსთავი 2″ ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს”- ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან “რუსთავი 2”-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. 

“მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად. ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს დაახლოებით 80%,“- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ეს დავა აუცილებლად დასრულდება მის სასარგებლოდ და იმ ჟურნალისტების სასარგებლოდ ვისთვისაც აპირებს ამ წილის გადაცემას. 

შეგახსენებთ, რომ  ირაკლი ოქრუაშვილი, ბიზნესმე ქიბარ ხალვაშის მიერ, გუშინ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის შეტანის საფუძველი შეთანხმებაა ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო. ირაკლი ოქრუაშვილისადმი “რუსთავი 2” -ის გადაცემის მოთხოვნით სარჩელს მომავალ კვირაში შეიტანს.

მსგავსი თემები