საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა

საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი მომზადდა. ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი, წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარის, ტყის ხანძრების, ხე-ტყის და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ.

ატლასში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაინტერესებულ ადამიანებს, ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის და ანალიზის საშუალებას მისცემს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება, დინამიკაში დააკვირდეს საქართველოში ტყის მდგომარეობას.

“სახელმწიფოს აქვს ახალი სტრატეგიული მიდგომა ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით. შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსის  დაცვასა და მდგრად მართვას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები