“ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვითანამშრომლებთ, ეს დოგმაა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძეს განცხადებით, პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას “ქართული ოცნება” არ აპირებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა”, ანტი ეროვნულ საქმეს აკეთებს, შესაბამისად მასთან კოალიციის შექმნის საკითხი არ განიხილება. 

“ე. წ. „ევროპული საქართველოს“, ანუ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს ისე უთქვამს, თითქოს ვინმე ეპატიჟებოდეს, რომ კოალიციას არ შექმნის. თითქოს, ვიღაც ერთი წლით ადრე კალთებს ახევდეს, გინდა თუ არა ჩემთან უნდა შექმნა კოალიცია-ო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ იმ ძალებთან, იმ პარტიასთან, თუნდაც მის შტოებთან, რომელიც ყველა თავისი განცხადებით, ყველა თავისი მოქმედებით, ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს, არავინ არ აპირებს თანამშრომლობას. ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვითანამშრომლებთ, ეს ერთადერთი დოგმაა, რაც შეიძლება საკუთარ თავს დავუწესოთ. ვინც ამ ორბიტიდან არის გასული და შეიძლება სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, სამშობლო უყვარდეს, ნებისმიერ პარტიასთან შეიძლება თანამშრომლობა, მათ შორის, კოალიციაზე საუბარი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები