“მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტებს ნაწილობრივ დაუფარავს” – მამუკა ბახტაძე

“მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

პრემიერის თქმით, მას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონტაქტი აქვს და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა გეგმა.

„ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებთან და მცირე მეწარმეებთან კონტაქტი. სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ გეგმა. ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხზე უფრო კონკრეტული კითხვა მიგვეღო. ჩვენ ეს წარვადგინეთ ბიზნესასოციაციის შეხვედრაზე. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელები, მათ ამოვუდგეთ მხარში. შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მათ დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები, რათა განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ პროცენტების თანადაფინანსება მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ, რადგან ტურიზმი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში, ბევრ მეწარმეს ჰქონდა გეგმა, გაეფართოებინა თავისი სასტუმრო ან ახალი აეშენებინა.

„შესაბამისად, ის მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სრულად იქნება მიმართული ჩვენს მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება, ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რათა აუცილებლად დასრულდეს. არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენს მეწარმეებს ვეხმარებით როგორც მიმდინარე საქმიანობაში, ასევე დეველოპმენტის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები