“მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება, პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით” – საგარეო უწყება  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან და არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური თავშეკავება.

“14 ივლისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა,  ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით.

 სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა”, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები