პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილის უფლებამოსილების საკითხს ხვალ განიხილავენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, რომლის მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანია. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” , საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

“ხვალ, კომიტეტზე, ვიხილავთ ქუცნაშვილის განცხადებას. ამ განხილვის შემდგომ, დავწერთ დასკვნას, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს იმისათვის, რომ სესიამ მიიღოს დადგენილება დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. რიგგარეშე სესია როდის ჩაინიშნება, ვერ გეტყვით. შესაძლებელია, იყოს რიგგარეშე სხდომა, შესაძლებელია ეს იყოს მორიგი საპარლამენტო სხდომა, ” – განაცხადა მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”.

ზაქარია ქუცნაშვილმა, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად მიიღო. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა.

მსგავსი თემები