„ პოლიციას არ ჰქონდა სხვა საშუალება, გარდა ლეგიტიმური ძალის გამოყენებისა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებს, სამართლებრივი შეფასება ექნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა, რამდენიმე მათგანზე კი გამოძიება მიმდინარეობს. 

„თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ. ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამ საკითხში ჩავრთეთ სახალხო დამცველიც და გამოძიების ამ ინიციატივას მე მხოლოდ მივესალმები, ისევე, როგორც სურვილის შემთხვევაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, 20 ივნისს მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.

„ყველა დასკვნაში არის მითითებული, რომ პოლიციას არ ჰქონდა დარჩენილი სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. ნებისმიერი სამართალდამცველი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ცალკეულ შემთხვვეებში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რა თქმა უნდა, ისინიც იქნებიან მხილებული და წარდგებიან კანონის წინაშე. ეს არის მოცემულობა და ძალიან გთხოვთ, ნუ ცდილობთ ამ მოცემულობის შეცვლას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები