სკოლებში, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან, ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. სექტემბრიდან, ყველა პირველკლასელი, “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

როგორც ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, “დედა ენის” ადაპტირებული ვერსია, ღირსეულად აგრძელებს იაკობ გოგებაშვილის დაწყებულ გზას. მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა, დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში.

“ჩვენს დროში, მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში. დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას. ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში. გენიალური „აი ია“-ს, გოგებაშვილის სხვა მიგნებათა უდიდესი ძალის წყალობით, ჩვენი ბავშვები კვლავ იოლად, ხალისითა და შემეცნების სიხარულით დაეუფლებიან წერა-კითხვას. პირველ ნაბიჯებს გადადგამენ გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს და საფუძველს ჩაუყრიან კარგ მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ დედა-ენის დაბრუნება სკოლებში, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“ – განაცხადა მინისტრმა.

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის”  ადაპტირებული ვერსია, საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

მსგავსი თემები