ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას ეხმაურება

„24-ე დღეა, პროკურატურის წარმომადგენელი ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ზღაპარს,“ – ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას.

მისი თქმით, პროკურატურის პროპაგანდა არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის, ვიდეომასალაში საზოგადოებამ სხვა რამ იხილა.

„24 დღის განმავლობაში პროკურატურის ერთიდაიგივე​ წარმომადგენლის მხრიდან იმ მანერით, როგორც საუბრობს და სიმართლე გითხრათ, მაგონებს ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერას. საუბარს ხომ არ სჯობს მტკიცებულებები წარმოადგინოს, მაგრამ როგორ წარმოადგენს, რომელიც არ არსებობს. პროკურატურის მთელი პროპაგანდა  არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის და ამიტომ დავიწყეთ დარბევა, ამიტომ დაითხარა თვალები და დაიღვარა სისხლი. ჩემ მიერ გავრცელებულ მასალაში სრულიად საპირისპირო იხილა ქვეყანამ. ამის შემდეგ სამი დღე დასჭირდა პროკურატურას, ეს უფერული პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ისინი საუბრობენ, კი ბატონო, მელია იქ საუბრობდა და ხალხს უთანხმებდა შევიდეთ თუ არა ბახტაძე-გახარიასთან შესახვედრადო, ამ დროს მის უკან ხელჩართული ორთაბრძოლა მიმდინარეობდაო. ხუთ მეტრში ვიდექით პოლიციელების კორდონიდან და მთელ ამ უწყვეტ კადრში არანაირი ხმაური არ იყო იმ დროს, არანაირი აყალმაყალი, იქ ხუთ მეტრში შეხლა-შემოხლა რომ ყოფილიყო, ერთი ადამიანი მაინც არ მიატრიალებდა თავს და უკან არ შეხედავდა? არასერიოზული პრესკონფერენცია იყო, რომელიც ნათლად ადასტურებს რომ პროკურატურას ის პროპაგანდა დაემსხვრა, რომლითაც თავს იწონებდა, ვიდრე ვიდეომასალა გავრცელდებოდა. პროკურატურამ თქვა, მელია მშვიდად იმიტომ საუბრობდა, რომ ნიღბავდა სისხლის სამართლის დანაშაულსო, თორემ რეალურად გულში სხვა რამ ედოო, აქამდე დავიდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები