ჩაძირული, საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ხომალდიდან რადიაცია ჟონავს

ბარენცის ზღვაში, ნორვეგიის სანაპიროდან 418 კმ-ში, ჩაძირული, საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ხომალდიდან რადიაცია ჟონავს. 

როგორც კვლევის პირველადი შედეგები მიუთითებს, ჩაძირული, საბჭოთა ხომალდის სავენტილაციო სადინარის სიახლოვეს, წყალში, რადიაციის დონე 800 000-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.

როგორც მკვლევართა მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული სავენტილაციო სადინარიდან რადიაციის გაჟონვა 1990-იან წლებსა და შემდეგ 2007 წელსაც დადასტურდა.

ექსპედიციის ხელმძღვანელის, ჰილდე ელისეს განცხადებით, მართალია, რადიაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი დასაშვებზე მაღალია, მაგრამ ის საფრთხეს არ წარმოადგენს ნორვეგიის მეთევზეობისა და ზღვის პროდუქტებისთვის.

მკვლევართა ჯგუფი აღებული ნიმუშების დეტალურ ანალიზსა და ჩაძირული ხომალდის აქტიურ მონიტორინგს გეგმავს.

საბჭოთა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა „K-278 კომსომოლეცმა“ კატასტროფა 1989 წლის 7 აპრილს, ხანძრის შედეგად განიცადა. ნავი ოკეანეში, დაახლოებით, 1,5 კმ სიღრმეზეა ჩაძირული. ხომალდის ბორტზე დღემდე რჩება ერთი ბირთვული რეაქტორი და ორი ბირთვული ქობინი. დასაშვებზე მაღალი დოზის რადიაცია ხომალდის მიდამოებში მეცნიერებმა აქამდეც შეამჩნიეს.

მსგავსი თემები