“მოყოჩაღდა, დაცანცარებს მთელი დღე”- ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს

თბილისის ზოოპარკს, ირმის ნაშიერი შეემატა. ნუკრის სქესი, ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც თბილისის ზოოპარკში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ზოოპარკში, ბევრი ახალშობილია და თითქმის ყველა ვოლიერში მეძუძური დედაა განთავსებული. თბილისის ზოოპარკი, დამთვალიერებელს ახალშობილების გასაცნობად მასპინძლობს. 

“ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს. ეს კეთილშობილი ირმის ნაშიერია. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გოგოა თუ ბიჭი, ჯერ არ ვიცით, რადგან ახლოს ვერ მივდივართ და ასე, შორიდან ვუჭვრიტინებთ ამ წვრილკანჭა სილამაზეს. თავიდან, სულ ციცქნა რომ იყო, ძირითადად იწვა და დედას ელოდებოდა, როდის მიაკითხავდა და მიართმევდა რძეს. ახლა უკვე მოყოჩაღდა. დაცანცარებს მთელი დღე და დიდი მოთმინება გჭირდება მის კადრში მოსახელთებლად. ერთ წამს, რომ გაირინდება, მეორე წამში უკვე ვოლიერის ბოლოშია გატყორცნილი და გტოვებს პირში ჩალაგამოვლებულს, ბუნდოვანი ფოტოებისამარა. თუმცა, ბევრი წვალების შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით, ძლივს მოვახერხეთ და დედა-შვილს ერთი კარგი სამახსოვრო სურათი მაინც გადავუღეთ,” – აცხადებენ ზოოპარკში.

მსგავსი თემები