მცხეთის გენ.გეგმასთან დაკავშირებით, საერთო ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ნულოვანი ჩართულობა და მათი ინტერესებისა და შეხედულებების გაუთვალისწინებლობა ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი იყო, რიც გამოც, იუნესკომ, მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დაიწუნა. დოკუმენტის დასრულების ვადა ამჯერად, წლის ბოლომდე გახანგრძლივდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლობა ისევ ერთ-ერთ პრობლემად რჩება.

„დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, არ დავუშვათ ისტორიული შეცდომა, არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება“ – ეს არის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინტერესი, თუმცა, კომპანია, რომელმაც გენგეგმის დოკუმენტი უნდა მოამზადოს, აღნიშნული მიმართულებით პასუხებს ვერ იძლევა.

მოსახლეობა წლებია, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ელოდება. დოკუმენტს ვადა კი რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა. თანხა ათვისებულია, თუმცა, ხარისხიანი დოკუმენტი, სადაც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული, ამ დრომდე არ ჩანს.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, დოკუმენტში ადგილობრივების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„აქტიურად მიმდინარეობს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პატრონაჟით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით პროცესების მართვაზე მეთვალყურეობა აიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ.  გენერალური გეგმის შემუშავებას ამხანაგობა „აქოლისი“ აწარმოებს, რომლის შემადგენლობაში შედის 11 კომპანია. ჩვენის მხრიდან აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ვითვალისწინებთ ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებასა და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას.  სწორედ ამიტომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, სადაც მე და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატმა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ წარვადგინეთ ქალაქის განვითარების ჩვენეული გეგმა და ხედვა. მიზანი ერთი გვაქვს: რაც შეიძლება მალე ერთობლივად მივიღოთ ქალაქის მდგრადი განვითარება“ – განუცხადა გოგიტა კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მერი კომპანია „აქოლისის“ დირექტორის განცხადებებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ იმ კითხვებზე, რაც მოსახლეობის ინტერესებში შედის, პასუხები არ ისმის.

„მინდა გამოვეხმაურო ამხანაგობა „აქოლისის“ დირექტორს ბატონ აკაკი ზერეკიძეს. ყურადღებით მოვუსმინე მის გუშინდელ გამოსვლას გადაცემაში „საქმიანი დილა“ გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.  საჯარო ჩართულობა არამც თუ დიდ დროს მოიცავს , არამედ აუცილებელია, დოკუმენტის შემუშავების დროს, რადგან სწორედ მსგავსი ტიპის შეხვედრები და მსჯელობა მიგვიყვანს   სწორ გადაწყვეტილებამდე. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ბატონმა აკაკიმ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას, თუ როგორ შეიძლება ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარება, მოსახლეობის დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დაცვა,  პასუხს თავი აარიდა. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ქალაქი მცხეთა ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მონაპოვარია, მსოფლიო დონის მნიშვნელობა გასათვალისწინებელი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქალაქისა და  მოსახლეობის ინტერესები.

აქვე მინდა დავძინო როდესაც ბატონმა აკაკიმ აღნიშნა ბაქოში ვიზიტის მნიშვნელობა, სამწუხაროდ ჩვენი ქალაქი მცხეთა კონფერენციაზე ნახსენებიც კი არ იყო.

იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ჩვენს ხელთ იქნება სრულყოფილი დოკუმენტი და არა  პიარზე დაფუძნებული აუდიო თუ ვიდეო მასალაზე დაყრდნობილი , ცალმხრივი ინტერესის მატარებელი დოკუმენტი“ – აღნიშნა გოგიტა კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს    მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტზე მუშაობის პროცესს. “აქოლისის“ დირექტორი აკაკი ზერეკიძე  არაერთხელ მოვიწვიეთ „მედიაცენტრ მთავარში“, თუმცა, პირობის მიუხედავად, კომპანია, სტუმრობისგან და კითხვებზე პასუხისგან, ამ დრომდე, თავს იკავებს.

მსგავსი თემები