“ისტორია მეორდება, საქართველო კვლავ ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი” – არჩილ თალაკვაძე

“300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოსთვის და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის პოტენციალის უმეტესი ნაწილი გამოიყენა – ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში, ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული გარდაქმნისთვის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოსთვის და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების დროულ და ეფექტურ განხორციელებას. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია განვითარების მცდელობა. საკონსტიტუციო რეფორმით წარვადგინეთ თანამედროვე და ყოვლისმომცველი საპარლამენტო სისტემა შესაბამისი ძალთა დაბალანსების სისტემით; ჩვენ ნიშანდობლივად გავაუმჯობესეთ ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა; ჩვენ მივაღწიეთ გლობალურ ბაზრებზე უკეთეს ინტეგრაციას. სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის მეშვეობით, ჩვენ გადავდგით პოზიტიური ნაბიჯები სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობისადმი. დაგეგმილი დეცენტრალიზაციის რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები