ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის, 159 400 ლარი გამოიყო

თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა.

როგორც თბილისი მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში, ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება. მისი თქმით, დედაქალაქის 20 ჰა ფართობი, თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება.

„ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.   ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები. ჩვენ უცხოელ ექსპერტებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და  მწვანე სივრცეების შექმნა. ამდენად, ზუსტად მსგავსი  ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მწვანე სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი.

ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელ-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა.

მსგავსი თემები