ზაზა სარალიძემ პროკურორთან მარტო შეხვედრაზე უარი თქვა და შენობა დატოვა

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურაში თანმხლებ პირებთან ერთად გამოცხადდა და პროკურორთან შეხვედრაზე მათი დასწრებაც მოითხოვა. უარის მიღების გამო კი მოკლულის მამამ შეხვედრაზე უარი თქვა და პროკურატურა ხმაურითა და განცხადებებით დატოვა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს პროკურატურაში თან ახლდა „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მას ის მიზეზები განუმარტა, რა მიზეზითაც მისი თანმხლები პირები შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ, თუმცა, სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურორს მისი ეშინია და უკან გაბრუნდა.  

„ვინაიდან ეს ფორმატი ითვალისწინებდა ბატონ ირაკლისთან და პროკურორთა ჯგუფთან შეხვედრის დროს კონკრეტულ დეტალებსა და საპროცესო საგამოძიებო დეტალებზე საუბარს და კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ბატონ ზაზას ჰქონდა, ბუნებრივია, შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ორდერი და შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება იცოდნენ კონკრეტული დეტალები საქმის შესახებ“ – აღნიშნა პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მაგდა კაპანაძემ.

მოგვიანებით განცხადება თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს უფლება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს.

„არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კანონი აწესებს შეზღუდვებს. შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა დაწესებული და ამიტომ არის პროცესები დახურული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, ორივე მხარისთვის ოპტიმალურ, ხელსაყრელ დროს შეხვდეს ბატონ სარალიძეს ნებისმიერ საკითხზე, ადვოკატთან ერთად, ვისაც ექნება საადვოკატო საქმიანობის უფლება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურა დაზარალებულის მხარესაა და ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვის იმისთვის, რომ აღნიშნულ საქმეზე მიაღწიოს შედეგს, დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

შეგახსენებთ, რომ მოკლულის მამის კითხვებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თავად გამოთქვა სურვილი ზაზა სარალიძეს შეხვედროდა და მის ყველა კითხვაზე პასუხები გაეცა. მოკლულის მამა პროკურატურაში ადვოკატთან ერთად უნდა მისულიყო, თუმცა ის შეხვედრაზე სხვა პირებთან ერთად გამოცხადდა, რის გამოც შეხვედრა ვერ შედგა.  

მსგავსი თემები