“სამწუხაროა, როდესაც პუტინმა ჩვენს პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე უფრო ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც პუტინმა, საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლებისგან განსხვავებით, უფრო ადეკვატურად შეაფასა ვითარება.

ბაქრაძე რუსეთის მიერ სანქციების არ შემოღებას მიესალმება, მაგრამ მისი თქმით, ეს არ ხდება იმის გამო, რომ პუტინს საქართველოსთვის სიკეთე უნდა.

„სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, გამოსავალი საქართველოს სტაბილურობისთვის არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი, პუტინს არ ვაწყენინოთ, არამედ მყარი ინსტიტუციონალური ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის”,- აცხადებს დავით ბაქრაძე.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. 

მსგავსი თემები