“პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება ქართულ და ცივილურ ჩარჩოებს” – გია ვოლსკი

“ის, რაც გუშინ „რუსთავი2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი” , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ,  საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი,  რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.  ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება  სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან პროვოკაცია უწოდა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ მონოლოგს და აღნიშნა, რომ ეს იყო ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალი მცდელობა.

„უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა  დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ  ჩვენს თანამემამულეებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.ვოლსკის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი.

მსგავსი თემები