“პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსესუსია” – დავით მათიკაშვილი

“ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი ნებით უარი თქვა თავის სასტარტო უპირატესობაზე და უკვე 2020 წელს ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსესუსია”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა. 

მათიკაშვილის თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები  ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. 

“ეს  არის  კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცესი და ის  შესაბამისი კომისიის ფუნქციონირებით იწყება. მოსაზრებებისთვის კარი ღიაა, თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზების ამოსავალი წერტილი და პრინციპი  ერთიანი პროპორციული სისტემა და  ნულოვანი ბარიერია. ამ თემაზე აქტიური დისკუსია გვექნება პოლიტიკოსებთან, საზოგადოებასთან და იმ ადამიანებთან, ვინც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ჩვენი მიზანია,  ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით რეგულაციების სათანადოდ დამუშავება. თუკი არსებობს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

მათიკაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთელი სპექტრია მიწვეული, მაგრამ, ბუნერივია, ვისაც სურვილი ექნება მხოლოდ ისინი დაესწრებიან.

„ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს გარკვეული სპეკულაციებით ელფერი დაუკარგოს  ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ამ თემაზე მსჯელობას გულისხმობს“ – აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, პარლამენტის წევრებთან ერთად, მიწვეულები არიან ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი და საერთაშორისო პარტნიორები.

მსგავსი თემები