“ინტერვენციის შემთხვევაში, რეზერვები გვაქვს” – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით ინტერვენციის საჭიროებას, ჯერჯერობით, ვერ ხედავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მას არ ექნება სასურველი შედეგი.

“გასულ პერიოდში, რაც კვლევები ვნახეთ, ეს დამოკიდებული იყო იმ მოლოდინზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებიდან. შესაბამისად, ეს როგორც ყველა ქვეყანაზე, საქართველოზეც აისახება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რეალურად როგორი დინამიკა ექნება ტურისტულ შემოსავლებს, შესაბამისად აისახება ეს მომავალში კურსზეც. თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე და გამომდინარე იმ შოკიდან, როგორი შოკიც ჩვენ გვაქვს, რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და არ ექნება სასურველი შედეგი”- ამბობს მესტვირიშვილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თუ მომავალში ფასების ზრდის რისკი იქნება, ისინი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებენ, ხოლო თუ პირიქით მოხდა, პოლიტიკას შეარბილებენ.

“ივნისის ინფლაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და არის 4.3%. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აქედან 1.3% არის სიგარეტზე აქციზის ზრდის შედეგი, რასაც ჩვენ ე.წ. ეგზოგენურ ფაქტორებს ვეძახით. მის გარეშე ინფლაცია არის 3%-თან ახლოს. ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის გრძელვადიანზე ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ვუყურებთ, მომავალში რა იქნება ინფლაცია და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ვიღებთ ამის საფუძველზე. 24 ივლისს გვექნება პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და შევხედავთ. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე თუ დავინახავთ, რომ არის მომავალში ფასების ზრდის რისკი, ბუნებრივია, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. თუ დავინახავთ, რომ პირიქით, მოთხოვნის შემცირების გამო, შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ, ამ შემთხვევაში შევარბილებთ პოლიტიკას”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მსგავსი თემები