„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება”

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება,“ – ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

მისი თქმით, საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და ის არასდროს არ დანებდება არც უცხოელ და არც შინაურ ოკუპანტს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„მთავარი დამნაშავე 20 ივნისის არის შს მინისტრი, გიორგი გახარია და ეს ამბავი ასე დარჩება, ამას ვეღარაფერი შეცვლის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც ვაწარმოებთ ამ ბრძოლას – მშვიდობიანი, მაგრამ სამართლიანი და ჯიუტი პროტესტით,“ – განაცხადა მშვილდაძემ.

როგორც მშვილდაძემ განაცხადა, 20 ივნისს დაღვრილ სისხლს ბიძინა ივანიშვილთან მივყავართ და ისინი ვერ აიტანენ შს მინისტრად რჩებოდეს ადამიანი, რომელმაც გაუფრთხილებლად დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლა.

„ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი გაფრთხილება ქვეყანას დაპატრონებულ ბიზნესმენს. ჩვენი აქცია დღევანდელი მსვლელობის სიმბოლური მაჩვენებელი არის ის, რომ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ 20 ივნისს, აქ, რუსთაველის გამზირზე, დაღვრილი სისხლის კვალი ბიძინა ივანიშვილთან მიდის და ვერ ავიტანთ, რომ შს მინისტრად რჩებოდეს ადამიანი, რომელმაც გაუფრთხილებად დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლა, გაუფრთხილებად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, პოლიციის კანონის დარღვევით გამოიყენა რეზინის ტყვიები და მიბჯენით სახეში ესროლეს ადამიანებს, რომელთაგანაც არავითარი საფრთხე არ მომდინარეობდა,“ – განაცხადა მშვილდაძემ.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები 21:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართებიან.

მსგავსი თემები