“რუსეთის მხრიდან მუდმივად გვესმის მუქარა, რომელსაც რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” – გიორგი ლომია

პარლამენტის წევრის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას განცხადებით, პოლიტიკოსებს უნდა გაეთვალათ, რომ, როდესაც უცხო ქვეყნის დეპუტატი ჩამოდის ქვეყანაში, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა და დეპუტატს იცავს იმუნიტეტი. ეს განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„როდესაც ოფიციალური დელეგაციით ჩამოდის რომელიმე ქვეყნის დეპუტატი, მას იმუნიტეტი ჩვენს ქვეყანაშიც კი იცავს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა. 2 წლის მანძილზე ვეხვეწებოდით, რომ ოფიციალური ასამბლეა საქართველოში ჩატარებულიყო და ბოლო 2 თვე ვეხვეწეთ, რომ გავრილოვი ჩამოსულიყო. ამით საქართველოს მხარე სრულად იზიარებდა პასუხისმგებლობასა და ანიჭებდა მას იმ იმუნიტეტს, რომელიც ყველა პარლამენტარს აქვს მინიჭებული”, – განაცხადა ლომიამ.

პარლამენტარის თქმით, გავრილოვი სპეციალურად მიიყვანეს პარლამენტში, როდესაც ის ასამბლეის გამართვას, მაინცდამაინც, იქ არ ითხოვდა და სავარძელშიც მათი ნებით მოკალათდა.

“გავრილოვი ხელისუფლებამ ჩასვა სავარძელში, როცა გავრილოვი არ ითხოვდა მაინდამაინც პარლამენტში ჩაეტარებინათ ასამბლეა. იქაც სპეციალურად შეიყვანეს. „ნაციონალებმა“ და „ევრონაცებმა“ ამით ისარგებლეს და ძალიან ბოროტად გამოიყენეს ჩვენი მოსახლეობის პატრიოტული განწყობა”, – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ გავრილოვის სასტუმროდან გაპარვა უსაფრთხოდ შეიძლებოდა, მაგრამ ის სპეციალურად გაიყვანეს მომიტინგეებით სავსე კორიდორში. მისი თქმით, ხელისუფლებას გააზრებული არ აქვთ, თუ რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ ამ ქმედებით და ამბობს, რომ მათ შეგნებულად მოაწყვეს პროვოკაცია.

“ჩამოდის გავრილოვი, ჯდება სავარძელში და შემდეგ არა მხოლოდ გავაძევეთ საქართველოდან, არამედ ხელითაც შეეხნენ და მუქარებიც ისმოდა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ საქციელს. ე.ი. ესმოდათ და შეგნებულად მიდიოდნენ ამ პროვოკაციაზე. როდესაც ხედავ, რომ სასტუმროს წინ აქციაა, შენ შეგიძლია, ისე გაიყვანო ადამიანი იქიდან, კაციშვილმა ვერ გაიგოს. მაგრამ, არა. კორიდორს უკეთებ და მომიტინგეებს აძლევ საშუალებას აგინონ, ლანძღონ და კვერცხები ესროლონ. ფაქტობრივად, ამცირებ და ისე აგდებ ქვეყნიდან”, – აცხადებს გიორგი ლომია.

პარლამენტის წევრი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ აკისრებს და ამბობს, რომ მთავრობა ვერასდროს შეძლებს ამ პასუხისმგებლობის მოხსნას.

მსგავსი თემები