26 ქუჩაზე, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხოლოდ მოსაცდელთან გაჩერდება

თბილისის იმ ქუჩებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდებოდა, დღეიდან კიდევ 12 ქუჩა დაემატა. ჯამში, 26 ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერდება და არა იქ, სადაც მას ხელს დაუქნევენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დედაქალაქში მიკროავტობუსებს გაჩერება შეეძლებათ, ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე, ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩების გაჩერებებზე.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და ეტაპობრივად მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის შეფასებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემაა.

2018 წელს თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაცია აამოქმედა, რომლის მიხედვითაც შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა, სადაც მგზავრის ჩამოსასმელად ან ასაყვანად, მიკროავტობუსები, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში აჩერებდნენ.

მსგავსი თემები