„26 მაისი დავით გარეჯში – მივიღებთ უბედურებას, წააგებს კავკასია“ – არქიმანდრიტი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, სამოქალაქო აქტივისტები, მოხალისეები და სასულიერო პირთა ნაწილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავს. როგორც დავით გარეჯის არქიმანდრიტი აცხადებს, რაც დღეს გარეჯში ხდება, პროვოკაციაა.

სასულიერო პირებმა საკუთარი თვალებით ნახეს ის სამუშაოები, რაც ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ განხორციელდა. აზერბაიჯანულმა მხარემ სამუშაოები კი არ შეაჩერა, პირიქით, დაასრულა, -ასეთია მათი შეფასება.

„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე, რომ ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ჩვენი სახე. დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, ცეკვა-თამაშში, არამედ გარეჯზე გადის. თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უამრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს… ხალხს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს არ შვება, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება მღელვარება, მოხდება ინციდენტი და მივიღებთ რაღაც უბედურებას და საბოლოო ჯამში, წააგებს კავკასია,“ – ასეთია არქიმანდრიტ კირიონის განცხადება.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ, ამ ეტაპზე საკუთარი საქმე დაასრულა: „სამუშაოები დღეს მორჩა იმიტომ, რომ ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა. იქ კლდის ქანები ისეთია, მეტის მოთხრა შეუძლებელი იყო. დღეს იყო მოლაპარაკება და შეთანხმება ისეთი თითქოს, რომ ტექნიკა დილიდან გავიდოდა და სამუშაოებს აღარ გააგრძელებდა, მაგრამ დარჩენილი იყო, დაახლოებით, 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად.”

რაც შეეხება 26 მაისს, მოხალისეები დავით გარეჯისკენ დილიდან დაიძვრებიან. მათ, გზადაგზა სხვა მოხალისეებიც შეუერთდებიან. ადგილზე ჩასულები კი აზერბაიჯანის სახელმწიფო მიმართავენ, შეწყვიტოს ისტორიული ძეგლის მიმდებარედ ყველანაირი სამუშაო.



მსგავსი თემები