სასამართლომ, “112”-ის მომსახურების ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ 112 -ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო.

„საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 112-ის საფასურის გადახდის სატელეფონო  აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება 112-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ 112-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული 112-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული დავის საგანი,” – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი თემები