„ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, პარლამენტზე იერიშის მიტანით“ – ანალიტიკოსი 20-21 ივნისზე  

„წინასწარი გამოძიებით, ცალსახად ჩანს რომ მიმდინარეობდა ძალადობრივი გზით  ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, პარლამენტზე იერიშის მიტანით“ – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პოლიციამ აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგერიება განახორციელა.

„როდესაც ხდება პარლამენტზე, კონსტიტუციურ ორგანოზე ძალადობის მიტანა, პოლიციელი ახორციელებს თავის ფუნქციას და იგერიებს ამ ძალადობას, რომ დაიცვას როგორც საკუთარი, ისე კოლეგის სიცოცხლე და ასევე, სხვა სიკეთე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონსტიტუციური ორგანო – პარლამენტი. ვხედავთ მცდელობას ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რომ საზოგადოება ხანფანგში ჩაითრიონ, რომ თითქოს, მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლის პროცესი მოხდა. არადა, სახეზეა  პარლამენტზე იერიში და აუცილებელი მოგერიება“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

აღნიშნული პოზიციის  გასამყარებლად, ანალიტიკოსმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი მოიყვანა.

„სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც, აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა. „ც“ ქვე პუნქტით კი „კანონიერ ღონისძიებათა განხორციელება, აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად“. აქ, მთავარია დროული, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება. როდესაც მიმდინარეობს უტყუარი თავდასხმა, პოლიციელი იგერიებს, ვალდებულია რომ მოიგერიოს ეს თავდასხმა და მას ამისთვის ბრძანება არ სჭირდება. ისევე, როგორც პოლიციელმა დაინახა ქუჩაში, რომ ვიღაცას თავს ესხმიან ან თუნდაც კომერციულ ბანკზე ხდება თავდასხმა, ის არ რეკავს, ის იმ გადაუდებელი საფრთხისგან და შტურმისგან იცავს მოქალაქეს თუ ქონებას და სხვა“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა, რომელიც სწრაფ და ოპერატიულ გამოძიებას ელოდება.  

მსგავსი თემები