საგარეო უწყება ჟენევის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს  

2-3 ივლისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე შეხვედრასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე,  ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და იმ მძიმე რეალობაზე გაკეთდა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. 

„მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს.

ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას,” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეთნიკური დისკრიმინაცია ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც ჟენევის ფორმატში ისაუბრეს.  

“განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყვნებლივ გაზიარება… მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობის საკითხი, იმ ფონზე როცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნული საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ”, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჟენევის ფორმატის მორიგი შეხვედრა კი 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი თემები