ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ „ტაიექსის” წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაიექსის” (თAIEX) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი საკითხები იყო: ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება, ამ მიმართულებით ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ექსპერტებთან წინმსწრებად, მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად შენარჩუნება. იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ამასთან მიმართებაში და რაიმე კითხვა არ იყოს პასუხგაუცემელი ქართული მხარის მხრიდან, ჩვენ მუდმივად, წინმსწრებად, პრევენციულად ვართ კონსულტაციის რეჟიმში. დღეს ევროკავშირის ექსპერტებს შევხვდით იმისთვის, რომ მუდმივი დიალოგის პროცესში ვიყოთ ჩვენი კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ არ განგვიხილავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება არ შეჩერების საკითხი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, შეხვედრის კომენტირებისას, უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან მიმდინარე კონსულტაციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მოქალაქეები ორ წელზე მეტია, რაც სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით შენგენის სივრცეში. ეს არის ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც გვაახლოებს ევროპასთან. ჩვენ ამ მონაპოვარს, ბუნებრივია, რომ ვუფრთხილდებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მიდის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.
დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ ამ საკითხების განხილვას ეხებოდა. ჩვენ შევაჯამეთ და განვიხილეთ ის ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ მიიღო იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციას კუთხით რაიმე პრობლემა არ დამდგარიყო ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მსგავსი თემები