“ნაციონალური მოძრაობა რევანშით ვეღარასდროს დაბრუნდება” – შალვა ოგბაიძე

საკრებულოს დეპუტატი, 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული შალვა ოგბაიძე “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თავისი და ოჯახის წევრების დაკავების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სამეგრელოში ნაპოვნ ცნობილ “კასრებში” დასასჯელთა სიაში, თავისი გვარიც აღმოაჩინა.

დეპუტატი რუსთაველის წინ კვლავ მიმდინარე აქციასაც აფასებს და ამბობს, რომ იქ ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც კონკრეტული საკითხები აღელვებთ.

“ფაშისტური ორგანიზაციის ბლიც-კრიგი ჩავარდა, დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად აინტერესებთ პროპორციული არჩევნები, ხვალინდელი უკეთესი დღე და კიდევ სხვა პრობლემები.

იმ 26 მაისისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია, ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. უტიფრობა არის “ნაციონალური მოძრაობის” საფირმო ნიშანი, ბოდიში კი არა, პირიქით, ნანობენ, რომ ბოლომდე არ ჩაგვხოცეს. ჩემმა უფროსმა ვაჟმა თვენახევარში მიიღო პოლიტდევნილის სტატუსი საზღვარგარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტპატიმრები, მაგრამ ბოდიში თუ მაინც მოიხადა ვინმემ? ამიტომ ვამბობ, რომ 26 მაისი გრძელდება. მე ცოცხალი მაინც დავრჩი, მაგრამ შვილმკვდარმა მშობლებმა რა უნდა ქნან? იმ 26 მაისს მოჰყვა დაჭერებისა და დევნის მთელი სერიები. კასრები რომ აღმოაჩინეს, დასაჭერთა ნუსხით, თურმე იქ, მეხუთე ვყოფილვარ,”- აცხადებს დეპუტატი.

შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რევანშით ვეღარ დაბრუნდება, ხელისუფლება კი, იმ გადაცდომებზე, რასაც გამოძიება დაადგენს, სათანადო პასუხისმგებლობას აიღებს:

“რევანშით ვეღარ მოვლენ “ნაციონალები”. ჩვენ სახელწიფო ვართ და სახელმწიფომ თავისი სიმწიფე უნდა აჩვენოს სწორედ ამ შემთხვევაშიც, რომ რევანშისტებს გზა არ მისცეს. სახელმწიფოს აქვს კანონი და უზენაესობა, ხოლო ვისაც გადაცდომა ჰქონდა, გამოძიება მიმდინარეობს და მეც თქვენთან ერთად ველოდები გამოძიების შედეგებს. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან დაუსჯელობა ახალ დანაშაულს წაახალისებს,”- განაცხადა შალვა ოგბაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები