არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა თვითონ დააფიქსირა სწორი პოზიცია, როდესაც საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც და გამოძიებაზეც

„პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აუცილებლად გვექნება ივლისში და საკითხი, რომელსაც თქვენ აყენებთ, შეიძლება, გახდეს პოლიტიკური კონსულტაციების საგანი იმისთვის, რომ განვიხილოთ მისი იმ დღის წესრიგში შეტანის შესაძლებლობა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას, როდის განიხილავს პარლამენტი საპარლამენტო ფრაქციების – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს – „გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე“.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებით, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული. მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და დეტალურად მოხდება თითოეული იმ ფაქტის შეფასება, რაზეც არსებობს საჯარო ინტერესი.

„ოპოზიციის ამ ინიციატივას რომ შევეხოთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარი. მათ აქვთ კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული კანონმდებლობით და რეგლამენტით და შესაბამისად, ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს და რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვაც“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში, გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა მიიტანეს.

„ასეთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო ვალდებული არის, იმოქმედოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამ მოვლენებს აქვს ორი შემადგენელი – ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და არ ვაპირებთ, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს. მეორე ნაწილში, როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება, სახელმწიფომ, პირველ რიგში, დაიწყო პასუხისმგებლობის თავის ნაწილში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითონ დააფიქსირა, ვფიქრობ, ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კონსულტაციების შედეგად, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

„მინისტრმა თავადაც გამოთქვა სურვილი, რომ მიეცეს შესაძლებლობა, ან შეთანხმდეს ფორმატი, სადაც ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა იქნება. ამიტომ, როდესაც ყველა მხრიდან არის ეს პოზიციები დაფიქსირებული, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სათანადო ფორმატზე და დროზე შევთანხმდებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი თემები