„კრემლის მორიგი, უკანონო დავალება აფხაზმა სეპარატისტებმა ოპერატიულად განახორციელეს“ – ჯემალ გამახარია

“დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის განცხადების შესაბამისად, მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. საზღვარი გუშინ საღამოს გადაიკეტა. „სოხუმის ხელისუფლებამ“ უკვე მრავალჯერ აპრობირებული ეს ნაბიჯი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების გაუსაძლისი ყოფა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რაც მათ უფლებებს, უსაფრთხოებას, საყოფაცხოვრებო პირობებს, სოციალურ თუ ჯანმრთელობის, განათლების მდგომარეობას დამატებით პრობლემას შეუქმნის“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, აღიშნული გადაწყვეტილება ოკუპანტის მორიგი, უკანონი ქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ.

„ეს არის ოკუპანტის მორიგი, უკანონო გადაწყვეტილება. მსგავსი ხასიათის მოწოდებებს დე-ფაქტო აფხაზეთის როგორც ხელისუფლების, ასევე იქ მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აკეთებდნენ, რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, რათა საქართველოდან მომდინარე ე.წ. საფრთხე განეიტრალდეს. სინამდვილეში, ეს არის კრემლის დავალება, რათა იქ დარჩენილმა მოსახლეობამ მუდმივად გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე საფრთხეების ქვეშ იცხოვროს“ – განიცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს.“

ჯემალ გამახარია საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს: „ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მიღებულ იქნას სათანადო ზომები. მოგეხსენებათ, რუსეთს აღუდგინეს ევროსაბჭოში ხმის უფლება. კრემლის ეს მორიგი პროვოკაცია კი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს“.

მსგავსი თემები