“პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს”- პრემიერი

“ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისს, იყო სრულიად მიუღებელი ქართველი ერისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი დესტრუქციულმა ძალამ საკუთარ იარაღად გამოიყენა.

„ჩვენ არ გვიჭირს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია. ამავე დროს ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარანტულ და გამჭვირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები