“რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ უკვე 300 მლნ დოლარამდე იზარალა”- კობა გვენეტაძე

რუსეთის მხრიდან ტურისტული ემბარგოს გამოცხადება ქართულ ეკონომიკაზე უკვე აისახა. კონკრეტულად, უკანასკნელ პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკამ 200-300 მილიონი ამერიკული დოლარი იზარალა.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საუბრობს და განმარტავს, რომ ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ბოლო დღეებში, სავალუტო ბაზარზეც აისახა.

მისივე ინფორმაციით, პირველადი გათვლებით, საქართველოს ეკონომიკამ უკვე დაახლოებით, 200-300 მლნ ამერიკულ დოლარამდე იზარალა.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოხდება ფრენების შეზღუდვა, ნიშნავს რომ შესაძლებელია, უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ რუსეთიდან. მოლოდინების გადაცემა მოხდა და აისახა კიდევაც ეს ლარის კურსზე. ჯამურად, წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება გასულ წელთან შედარებით, თუმცა ალბათ უფრო ნაკლებად, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ნიშნავს რომ ამან უნდა შეამციროს წნეხი გაცვლით კურსზე და იმ წონასწორობაზე, რომელიც უნდა ნახოს გაცვლითმა კურსმა.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დანაკლისი დაახლოებით 200-300 მლნ დოლარია, თუმცა თუ ეს ტურისტები ჩანაცვლდებიან სხვებით, ან შევძლებთ მათი სხვა გზებით შემოყვანას, შეიძლება დანაკარგი საერთოდაც არ იყოს”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღეისათვის უკვე, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2. 86 ლარია.

მსგავსი თემები