მამუკა ბახტაძე: მზად ვარ, ნებისმიერ სხვა დროს, წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს

“მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, დღეს საღამოს მედიასთან შეხვედრას გეგმავს.

„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა.

ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.

შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები