თბილისის ისტორიულ შენობებს ამიერიდან, ხელნაკეთი კერამიკული აბრებით გამოარჩევთ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა.

აბრები უკვე განთავსდა ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე უკვე განთავსდა.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან არიან დაკავშირებულნი. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული, ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეკორატიული აბრები თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და ხელოვანების წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია.

მომავალში, მსგავსი აბრებით ისტორიული ქუჩების ყველა პირველი ნომრის აღნიშვნა იგეგმება, რომლის იდეაც „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს გაუჩნდა, ხოლო პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით სახელოსნომ – CERRAMIC ROOM განახორციელა, რომელიც ნინო დანელიამ და ქეთევან ჭიჭივეიშვილმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დააფუძნეს.

 

მსგავსი თემები