არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრი, ყოველწლიური ანგარიშით, მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება

“არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც ანგარიშის განხილვაში მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით, აღარ  წარდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.

„მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პირველად იმართება იმ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ამით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ხაზგასმით ვამბობ, როგორც პარლამენტის, ასევე, მთავრობისთვის. თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში, ამის გათვალისწინებით, ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება და პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, შესაძლოა, გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე გაიმართება კონსულტაციები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად.

„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. ეს საკითხიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც თქვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ვიმსჯელოთ განვითარებულ მოვლენებზე, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და მოვუსმინოთ შესაბამის მინისტრებს  იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ იყო ამ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები