“საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი იყო დამნაშავე, იმისათვის, რომ აღმოჩნდე ციხეში” – ადვოკატი

როდესაც იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, პოლიტიკური პროცესების გამო, ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და იძენს პოლიტიკურ ნიშნებს” – ამის შესახებ, 20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ადვოკატი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების რეპრესიულ გადაწყვეტილებად აფასებს და თვლის, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, მძიმე შედეგებს მივიღებთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც კონკრეტული დანაშაულის ფიგურანტი არის პოლიტიკოსი, უნდა განხორციელდეს თუ არა სამართალწარმოება მის მიმართ, ადვოკატი აცხადებს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ მასალებში, რასაც ის გაეცნო, კრიმინალის შემცველი ნიშნები არ არსებობს.

“მხედველობაში მაქვს ის რეპრესიული გადაწყვეტილებები, რაც ხელისუფლებამ მიიღო გავეცანი იმ მასალებს, რომელიც საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული და იქ არანაირი კრიმინალის შემცველი ნიშნები არ არსებობს. მაგრამ საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი იყო დამნაშავე, იმისათვის, რომ აღმოჩნდე ციხეში. ამას გვასწავლის ჩვენი ქვეყნის განვლილი 30 წლის ისტორია.


ხელისუფლება განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც სიტუაციის არათუ განმუხტვას, არამედ დაძაბვას უწყობს ხელს, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის რეპრესიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან მიმართებაში, შესაძლოა, ეს ლიდერები ვიღაცას მოგვწონდეს, ვიღაცას არ მოგვწონდეს, უბრალოდ, რეპრესიული პროცესი ხელს არ შეუწყობს სიტუაციის განმუხტვას, ვისაც გვაქვს პოლიტიკური მეხსიერება და ყველაფერი გვახსოვს, მსგავსი პოლიტიკური მოვლენები როგორ მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისთვის, ესეც გვეცოდინება, – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები