„მძიმეა ჩემთვის, დავაჭირო მწვანე ღილაკს თითი და ჩემს კოლეგას იმუნიტეტი მოვუხსნა “ – დიმიტრი ხუნდაძე

„მძიმეა ჩემთვის, დიახ, მძიმეა, დავაჭირო მწვანე ღილაკს თითი და  ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი,  მაგრამ, ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ  საქმე გამოიძიონ“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა, სადაც დეპუტატები ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

„მედიაცენტრი მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო 4 დღე საკმად მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად,  დავდექით სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე. სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა, ჟურნალისტთა დს სამართალდამცველთა ზიანის გარეშე. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გვეხილა ჩვენ.  ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტის, უმაღლესი საკანონდებლო ორგანოს ძალისმიერი გზით დაკავების მცდელობას. ადგილი ჰქონდა სახელწმიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოეტანა. ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა და ასევე გარე მტრების   გეგმის განხორციელების მცდელობას.

მძიმეა დღევანდელი დღე, მძიმე ჩემთვისაც. მე ვარ ექიმი და  არაერთხელ მქონია სიტუაცია, როცა არაერთი  ადამიანის სიცოცხლე და  ჯანმრთელობა გადამირჩენია და დღესაც ვხედავ რომ პოლიტიკაშიც მომიწია იმ სიტუაციასთან პირისპირ დგომა, როცა ადამიანის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო. ნიკანორ მელიას დაჭერას კი არ ვაძლევ ხმას, ეს არ არის ჩემი საქმე, მის იმუნიტეტის დროებით შეჩერებას ვუჭერ მხარს. პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს რაც მოხდა. ოპოზიციისგან ხშირად მესმოდა ჩვენი მისამართით შემდეგი სიტყვები – რატომ არ იჭერთ, ესენი დასაჭერები არიან  და დაჭერის ტერმინი საკმაოდ ხშირად ფიგურირებდა მათ ლექსიკაში.  დღეს კი მათგან სხვას ვისმენ. უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები